loading
 
 
 

არ გამოტოვოთ!!!

Picture
ხუთშაბათს,13 მაისს,22:00 საათზე "იმედის" ეთერში გავა ახალი სატელევიზიო შოუ "ინტუიცია",სადაც პირველი სტუმრები იქნებიან თამუნა ნიკოლაძე და თათული ედიშერაშვილი(ქეთევანი და თამარი).მათ დაეხმარებიან სერიალის "ქმრები".დარწმუნებული ვარ მშვენიერი სანახაობა და ბევრი მხიარულება იქნება... :)

„იმედი“ ხვალ დილიდან ეთერში განახლებული პროგრამით გავა 19.10.2009

Picture
ტელეკომპანია „იმედი“ ხვალ დილიდან ეთერში განახლებული პროგრამით გავა.

როგორც „პირველს“ ტელეკომპანიაში განუცხადეს, ამ წუთებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც ტელეკომპანია დღეს ეთერში გასვლას ვერ შეძლებს. 

სარეაბილიტაციო სამუშაოები დღესვე დასრულდება და ხვალ დილიდან ტელეკომპანია ეთერს ახალი პროგრამით განაახლებს. 

წყარო: Internet.ge

განახლებული სერიალი, სეზონის დასაწყისი და "დაქოქილი" იუმორისტები

Picture
ტელეკომპანია "იმედში" ახალი სატელევიზიო სეზონისთვის ემზადებიან. ნამდვილად ვერ მოვითმენდი, "ღამის შოუს სტუდიის" "ოხშივარიან სამზარეულოშიც" რომ არ შემეჭვრიტა. თუმცა მხოლოდ შეჭვრეტას როდი დავჯერდი, "მზარეულსაც" გავესაუბრე და ისიც გავიგე, რომ ძველი და საყვარელი ტელესერიალ "შუა ქალაქის" გარდა, მათ "სამზარეულოში" კიდევ ბევრი კარგი სიახლე "თუხთუხებს". გარდა ამისა, ისიც მითხრეს, რომ... თუმცა ამას ინტერვიუში წაიკითხავთ. მოკლედ, ახალ პროექტებსა და "გემრიელ" სიახლეებზე თავად სტუდიის პროდიუსერი - ირაკლი კაკაბაძე ისაუბრებს.


- ირაკლი, როგორ ხარ?
- მუშაობით ცოტა დაღლილი რომ არ ვიყო, კარგად ვიქნებოდი (იცინის)...

- ვიცი, რომ თქვენი სტუდია მაყურებელს ბევრ სიახლეს ჰპირდება. ძველი პროექტები თუ გაგრძელდება?
- ქალაქში ჭორები ვრცელდება, თითქოს სერიალი - "შუა ქალაქში" იხურებაო, მაგრამ მეხუთე სეზონის გადაღება უკვე დავიწყეთ და პროექტს დახურვის საფრთხე აღარ ემუქრება. ამ სერიალზე თავადაც კარგად ვხალისობთ, მსახიობებსაც მოსწონთ თავიანთი როლები, მაყურებელსაც ძალიან უყვარს და რატომ უნდა დაიხუროს, როცა ყველაფერი კარგად არის?! იმის გამო, რომ ერთფეროვნება არაფერს უხდება, ამიტომ, მუდმივად ვცდილობთ, მასში სიახლეები შევიტანოთ. მივიჩნევ, რომ ქართულ ტელესივრცეში სერიოზული რეკორდი მოვხსენით, რადგანაც ამდენი ხნის განმავლობაში ასეთი პოპულარული არც ერთი გადაცემა არ ყოფილა. ის პერსონაჟები, რომლებიც სერიალში აქამდე მეორეხარისხოვნები იყვნენ, პირველ პლანზე გადაინაცვლებენ, თავს ახალი ამბები გადახდებათ, რაც მთელი სეზონის განმავლობაში გაგრძელდება.

- რა ბედი ელით მთავარი როლის შემსრულებლებს?
- მთავარი გმირები ცოტა ხნით უკან გადავწიეთ. ამით გვინდოდა, პროექტში ცოტა სიახლე შეგვეტანა. "შუა ქალაქში" ჩვეულებრივ ცხოვრებას ასახავს და ციდან მოტანილ ხუმრობებსა და ამბებს ძალიან ვერიდებით. რატომ არის, რომ საქართველოში ინგლისური იუმორი პოპულარული არაა და დუმბაძის იუმორი ყველას ესმის? იმიტომ, რომ დუმბაძის იუმორი ჩვენი, მშობლიურია... თორემ დები ღლონტებისნაირ მეზობელს სხვა ქვეყანაში უჩივლებდნენ (იღიმება). "ღამის შოუში" რუბრიკა - პრესის მიმოხილვა დარჩება, ოღონდ პროექტს სხვა ახალი რუბრიკა ემატება... მათ შორის, ერთი კონკრეტული თემის გარშემო ვიხუმრებთ.

- მხოლოდ ერთ თემაზე ხუმრობა არ გაგიჭირდებათ?
- ის თემა ღერძი იქნება, რომლის გარშემოც ჩვენი ხუმრობები იტრიალებს. დასაწყისში ვცდით და, თუ მაყურებელს მოეწონება სიახლე, აუცილებლად დავტოვებთ. ვიდეორუბრიკებისა და გამოკითხვების დამატებასაც ვფიქრობთ, რაიმე აქტუალურ თემას ავირჩევთ და მოსახლეობის გამოკითხვას ჩავატარებთ. თვით გადაცემის სტრუქტურა არ შეიცვლება, წამყვანი და მისი მონოლოგიც აუცილებლად დარჩება.

- კიდევ რა ახალ გადაცემას შემატებს თქვენი სტუდია ტელეკომპანია "იმედის" ეთერს?
- ახალ პროექტებს რაც შეეხება, გვემატება "ნანუკას შოუ", რომელზეც ნანუკა ჟორჟოლიანთან ერთად, ჩვენც ვმუშაობთ. ასე რომ, ამ შოუს გარკვეული ტვირთი ჩვენს კისერზეცაა (იღიმება). სცენარის ნაწილს, მონტაჟს, გადაღებას და სტუდიას ჩვენ "ვპატრონობთ". მთავარი გადაცემაში, რა თქმა უნდა, ნანუკაა და თავისი გუნდიც ჰყავს, მაგრამ შოუს ბევრი რამ სჭირდება და ჩვენც ვეხმარებით...

- რა ჟანრის გადაცემა იქნება "ნანუკას შოუ"?
- ტოქშოუა, როგორიც მაგალითად, ამერიკაში - "ოპრას შოუ"... ამერიკული მაგალითი ქართულ რეალობას მოერგება და მჯერა, მშვენიერი შოუ გამოვა.

- გავიგე, რომ ნანუკას გადაცემაში ჩაწერაზე ძროხა მიუყვანიათ...
- არაფერი ვიცი (თავს იქნევს და იღიმება)! თან წინასწარ არაფრის თქმა არ შემიძლია (იცინის)...

- "ნანუკას შოუში" ვინ იქნებიან სტუმრები?
- შოუში იქნება თემა და ამ თემის მიხედვით იქნებიან შერჩეული სტუმრებიც. მგონია, რომ შოუში  საზოგადოებისთვის როგორც ცნობილი, ასევე უცნობი ადამიანებიც იქნებიან, თუმცა ეს ყველაფერი თავად ნანუკას გადასაწყვეტია... მას ჩვენსავით, "რუსთავი 2"-ის ძველი "გვარდია" აქვს გამოვლილი და იცის, წარმატების მოსაპოვებლად როგორ უნდა იმუშაოს. ვფიქრობ, მისი გადაცემა თანდათანობით მოიხვეჭს მაყურებლის სიმპათიას. გვაქვს კიდევ ერთი ახალი პროექტიც, რომელზეც მაკა ლომიძესთან ერთად ვმუშაობთ (მაკა ადრე "მზის დარტყმაში" მუშაობდა)... მას თავისი გუნდი ჰყავს და ახალ გადაცემაზე ყველანი ერთად ვმუშაობთ. ბევრს ჰგონია, რომ ეს იქნება "ფარული კამერა", მაგრამ ასე არ არის. ესეც ამერიკული პროექტია. მასში მონაწილეები კასტინგის გავლის შედეგად ხვდებიან. მონაწილეებს დავალებები ეძლევათ და შესრულების შემთხვევაში, ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან. რა თქმა უნდა, ესეც გასართობ-იუმორისტული გადაცემა იქნება.

- კასტინგი უკვე გამოაცხადეთ?

- კასტინგიც გამოვაცხადეთ და მონაწილეებიც გამოვლინდნენ (იღიმება)! თავის დროზე, როცა "შუა ქალაქისთვის" შესარჩევი კონკურსი გვქონდა, იმდენი ხალხი მოვიდა, კასტინგი მოსახლეობის აღწერაში გადაიზარდა (იცინის). სწორედ იმ კასტინგის ჩანაწერებიდან ავარჩიეთ ახალი გადაცემის მონაწილეები. კიდევ გვაქვს ახალი პროექტი, რომელსაც მხოლოდ ჩვენ, "ღამის შოუს" სტუდიის წევრები ვაკეთებთ. ახალი სერიალისათვის კასტინგი გამოვაცხადეთ. ვიღებთ იუმორისტულ სერიალს, როგორიცაა მაგალითად, "სექსი დიდ ქალაქში". მართალია, არ იქნება ისეთი, როგორიც "შუა ქალაქშია", მაგრამ ჟანრობრივად მისი მსგავსია. ამ სერიალისთვის სპეციალურად ახალი პავილიონი აშენდა. არაერთი მსგავსი სერიალია გადაღებული, რომელშიც ძირითადი მოქმედება ერთ შენობაში ხდება და ფილმის ეფექტი აქვს. ყველაფერი ძალიან რეალურია და მაყურებელს იმის შეგრძნება არ უჩნდება, რომ დეკორაციას უყურებს. ასეთია, მაგალითად, "ექიმი ჰაუსი", "სასწრაფო" და კიდევ ბევრი. ჩვენი ამერიკელი მეგობრები, რომელთაც მსგავსი სერიალების გადაღების დიდი გამოცდილება აქვთ, ჩამოვიდნენ და დაგვეხმარნენ.

- ახალი სერიალის სცენარზე ვინ მუშაობს?
- ძირითად ამბავს ყველა ერთად ვწერთ. ლაშა ბუღაძე და ბასა ჯანიკაშვილი კი იმ ამბავს ავრცობენ და საბოლოო სცენარს წერენ.

- ირაკლი, ერთდროულად ბევრ "ფრონტზე" გიწევთ "ბრძოლა". არ გაგიჭირდებათ?
- ეს ის კითხვაა, რომელსაც ჩვენს შემოქმედებით გუნდში პასუხს ვერავინ გასცემს. წინა ინტერვიუშიც მკითხე, ამდენს როგორ ასწრებთო? მე გიპასუხე, ვერ ვასწრებთ-მეთქი (იცინის). იმედი გვაქვს, რომ ახალი პროექტები მაყურებლის მხრიდან დიდ მოწონებას დაიმსახურებს. კარგი იქნება, თუ ისეთივე წარმატებას მოიპოვებს, როგორიც მაგალითად, სერიალმა "შუა ქალაქში" მოიპოვა.

- რა გრძნობაა, როდესაც საკუთარი შემოქმედების ნაყოფი წარმატებული პროექტი ხდება?

- როცა ვუყურებთ, ყოველთვის ხარვეზებს უფრო ვხედავთ... თვით სერიალისა თუ გადაცემის ჩაწერაზეც კი, სადაც ხანდახან ხალხი აღფრთოვანებას ვერ ფარავს, მე სულ უკმარისობის გრძნობა მაქვს. მუდმივად იმას ვფიქრობთ, რომ რაღაც გამოგვრჩა. ხალხი უკვე საკუთარი ოჯახის წევრებად მიიჩნევს სერიალის გმირებს. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან გვიხარია, მაგრამ ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობის წინაშეც გვაყენებს.

ელენე ბასილიძე
ჟურნალი ”გზა”

როგორი იქნება ახალი სკანდალური  შოუ? 30.09.2009

Picture
ნანუკა ჟორჟოლიანი ტელეეთერს ხმაურიანი გადაცემით უბრუნდება, ყველაფერი პოლიტიკის გარდა "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში", რომელიც "იმედის" არხზე 14 ოქტომბრიდან გავა. ნანუკამ, როგორც სპეციალურ ფოტოსესიაშიც ჩანს, სრულიად ახალი იმიჯი მოირგო და ამისთვის ისეთ დიეტაზე დაჯდა, რომ ბოლო კვირებია, როგორც თავად ხუმრობს, ჰაერით იკვებება.


- ძალიან მცირე ხნის შემდეგ, რაც შენი მეორე შვილი გაჩნდა, ტელეეკრანს უბრუნდები...
- რა მცირე ხანში?! ჩემი შვილი უკვე მეექვსე თვეშია. დიკო ჯოჯუამ რაღა თქვას, ლამის პირდაპირ სამშობიაროდან მივიდა ეთერში (იცინის). სატელევიზიო სისტემისთვის ეს სულაც არ არის მცირე დრო. თანაც, შენ მშობიარობიდან ითვლი დროს და მე დაფეხმძიმებიდან, რადგან საკმაოდ მძიმე ორსულობა მქონდა და თითქმის მთელი წელი ტელევიზიის გარეშე გავატარე. ჩემი თოქშოუ დაახლოებით ორი წლის წინ იყო ეთერში.

- მოგენატრა?

- რა? თოქშოუ თუ ეთერი? ეთერი მომენატრა, თოქშოუ - არა.

- ყველას აინტერესებს, რატომ აკეთებ "იმედის" არხზე არაპოლიტიკურ გადაცემას...
- პოლიტიკური ტაიმ-აუტი ავიღე. მათ, ვინც დღეს ცდილობს, რომ მედიას რაღაცები დააბრალოს, ექნებოდათ ჩემი გაკრიტიკების საფუძველი ჩემი მეუღლის სამსახურის გამო, რაც არ იქნებოდა სასიამოვნო. შეიძლებოდა გამეშუქებინა პოლიტიკა და ამ შემთხვევაში კრიტიკაც, ჩემი აზრით, უსამართლო იქნებოდა, მაგრამ კრიმინალზე სიუჟეტებს თუ გავაკეთებდი, დაისმებოდა სამართლიანი შეკითხვა, რომ ჩემი ქმარი იმავე უწყებაში მუშაობს, რასაც მე ვაშუქებ. ჩემი სტიქია უფრო რეპორტაჟები და გამოძიებითი სიუჟეტებია, ამაზე დროებით უარი ვთქვი. ბუნებრივია, ეს დროებითი პაუზაა და არ გამოვრიცხავ დაბრუნებას ამ სფეროში, მაგრამ დღეს ზოგადად პოლიტიკა და საინფორმაციო გამოშვებები ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს.

- მოკლედ, არა მხოლოდ შენი თოქშოუ, არამედ შენი ცხოვრებაც პოლიტიკის გარეშეა?

- ნამდვილად ასეა. ამას წინათ კაფეში გავიგე ისეთი ცხელი ნიუსი, ვერ გეტყვით რა, მაგრამ თვითონაც გამიკვირდა (იცინის). ვცხოვრობ აბსოლუტურად აპოლიტიკურად, ჩემი შვილები, პირადი ცხოვრება, ახალი თოქშოუ დიდ დროს მართმევს. თანაც, დამეთანხმებით, ქვეყანაში განსაკუთრებული არაფერი ხდება. რომ ხდებოდეს, მოქალაქეობრივი პოზიციიდან გამომდინარე, მაინც ჩავრთავდი ტელევიზორს.

- ნანუკა, შენი შოუს შესახებ გვესაუბრე...

- გულწრფელი საუბარი საინტერესო თემებზე. ვპირდები მაყურებელს, რომ ნანუკა ისეთი იქნება, როგორიც რეალურ ცხოვრებაშია. ყველა შეკითხვას, თუკი დამისვამენ, ალალად ვუპასუხებ. შესაბამისად, ჩემს სტუმარს მოვთხოვ, რომ ისიც გულწრფელი იყოს. ჩემს გადაცემაში არასდროს იქნება ფრაზა - გავრცელებული ინფორმაციით. ინფორმაციას თავად თემის გმირებისგან, პირველწყაროსგან მივიღებ. როცა საქმე პირად ცხოვრებას ეხება, მარაზმია, როცა ვიღაცაზე ლაპარაკობ და ის ამ ლაპარაკს არ ესწრება. ამ გადაცემაში ადამიანები ილაპარაკებენ იმაზე, რაზეც აქამდე არ ულაპარაკიათ, იმიტომაც, რომ შესაძლოა, არც არავის უკითხავს. ქართული ტელევიზიები ძალზე პოლიტიზებული იყო. ადამიანებს არ აქვთ საშუალება, ისაუბრონ იმაზე, რაზეც სურთ ლაპარაკი.

- და რაზე სურს ხალხს ლაპარაკი?
- ახალი ამბები, ახალი იდეები, კარგი და მტკივნეული თემები, პრობლემები...

- ნანუკა, მსგავსი შოუები არსებობს - მაია ასათიანი და ნინო ქაჯაიაც ამზადებენ ასეთი ტიპის გადაცემებს, შენი რით იქნება გამორჩეული?

- ნინოსა და მაიას გადაცემები ხომ ძალიან განსხვავებულია ერთმანეთისგან? ერთი და იგივე თემა შესაძლებელია, სხვადასხვანაირად წარმოჩინდეს. ჩემი გადაცემა იქნება ძალიან ენერგიული, გვეყოლება დიჯეი, რომელიც მუსიკალურად გააფორმებს მას. ბუნებრივია, დიჯეი ყველა გადაცემას არ მოუხდება. ჩემი სტუმარი იქნება თეთრი ლაბრადორი. "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ" აგებული იქნება არა თავისუფალ თემებზე, არამედ კონკრეტულ გმირებზე, ერთ ისტორიაზე. ეს განსხვავებულ ფორმატს ქმნის, თუმცა ჩემთვის ძალიან კარგია, რომ ნინოსა და მაიას აქვთ გადაცემები, ჯანსაღი კონკურენციის იმედი მაქვს, ჩემი მხრიდან ამის გარანტიას ვიძლევი. ჩემი გადაცემა ეთერში ყოველ ოთხშაბათს გავა, ღამის თერთმეტ საათზე.

- ნანუკა, საუბარში ახსენე პირადი ცხოვრება. ვისი პირადი ცხოვრების გამოქექვას აპირებ?
- გამოქექვა არასწორი სიტყვაა! აქ ისაუბრებენ იმაზე, რაზეც ადამიანებს თავად სურთ საუბარი.

- გავიგე, შენს შოუში აქცენტი გაკეთდება გაუხმაურებელ ამბებზე, მაგალითად, ძმამ რომ ცოლად და მოიყვანა და ა.შ.
- რატომაც არა, თუ იცით ასეთი ისტორია, მითხარით, საინტერესოა. ბუნებრივია, ისეთ თემებს შევეხები, რომელიც ყველამ არ იცის და არ არის გახმაურებული. გადაცემაზე მუშაობს სტუდია "ღამის შოუს" გუნდი და ჩვენ ერთად ვცდილობთ, თემები სხვა კუთხით მივაწოდოთ მაყურებელს. გადაცემის სარეკლამო კლიპიც ასეთია, გოგონა დადის საყურისებით და ყველაფერი ვარდისფრად ეჩვენება, ბოლოს კი იწყებს ფიქრს იმაზე, რამდენად სწორად გაიარა ეს გზა. მე საკუთარი თავით ვიწყებ, კლიპში თავად ვმონაწილეობ და ამით საზოგადოებას ვაჩვენებ - მე გავიარე რაღაც გზა და დავიწყე ფიქრი იმაზე, სწორი იყო თუ არა ჩემი გზა. როცა ადამიანები დაიწყებენ ფიქრს, რაღაც სწორად გააკეთეს თუ არა, სწორედ მათთვის იქნება ჩემი გადაცემის კარი ღია.

- სწორად გაიარე შენი გზა?
- ამქვეყნად ადამიანი არ მეგულება, რომელსაც ყველაფერი სწორად აქვს გაკეთებული. 30 წლის ვარ და ბუნებრივია, ჩემს ცხოვრებაში ბევრი ირიბი გზა ყოფილა და შეცდომებიც დამიშვია. ამ დროს ირთვება სუბიექტური აღქმა, ანუ რამდენად ბედნიერი ხარ დღეს და გიღირდა თუ არა ეს შეცდომები. ვაღიარებ, რომ ბევრი არასწორი ნაბიჯი გადამიდგამს.

- ნანუკა, თქვი, რომ შეკითხვებს თავადაც უპასუხებ, ანუ შენც დაგისვამენ კითხვებს?
- თავისუფალი რეჟიმი მექნება, თუკი სტუმარს ჩემთან კითხვა გაუჩნდება, თემიდან გამომდინარე, აუცილებლად ვუპასუხებ. შესაძლოა, ისეთი გმირი მყავდეს სტუმრად, რომელიც მე მგავს თავისი ცხოვრებისეული გზით.

- ნანუკა, ოპრა უინფრის შოუს მსგავსი იქნება შენი გადაცემა?

- არა მხოლოდ. "იმედმა" ჩამოიყვანა სემ მითჩელი, უცხოელი კონსულტანტი. ფორმატი აერთიანებს ოპრა უინფრისა და ელენის შოუებს. მე მაქვს უბრალო ადამიანის იმიჯი, არ მაცვია ქუსლიანი, რომელიც ქმნის ერთგვარ ბარიერს, არ მინდა, ვინმეს ზემოდან ვუყურო და ვინმეზე მაღლა დავდგე ჩემს გადაცემაში, სტუმარს ყველანაირ ბარიერს მოვუხსნი, რომ გულწრფელობისთვის განვაწყო. იმედია, ელენის მსგავსად, სექსუალურ ორიენტაციას არ შევიცვლი (იცინის).

- როგორ ემზადები გადაცემისთვის?
- დიეტაზე დავჯექი და ჰაერით ვიკვებები, ვიკეთებ ყველანაირ მასაჟს, ვვარჯიშობ. 37 კილო მქონდა მომატებული, ახლა მხოლოდ 9 დამრჩა. შენ წარმოიდგინე, ლახტით დავხტუნაობ. ყველას ვეკითხები, რა მეთოდით გახდნენ.

- შენს ჩაცმულობაზე ვინ ზრუნავს?
- ნაწილობრივ მე, ავთო ცქვიტინიძეც ჩაერევა ჩემს ჩაცმულობაში, მაგრამ მთლიანობაში ჩემს იმიჯზე პასუხისმგებელი იქნება მაკა კილაძე. რაც შეეხება გუნდს, არც ერთი მათგანი პირდაპირი გაგებით "ტელევიზიონშიკი" არ არის. თათა სახელაშვილი "ჯითისის" მთავარი მენეჯერია, შოთიკო მაჭავარიანს საბანკო სისტემაში უმუშავია, მისი სატელევიზიო გამოცდილება უკავშირდება ერთ-ერთ წარმატებულ რეალურ შოუ "კანდიდატს", რუსიკო ვაშაკიძე პროდიუსერია, ჟურნალისტები ელენე ძნელაძე და ტასო გუნია არც ერთ გადაცემასა და არხთან ასოცირებული ჟურნალისტები არ არიან. ასე რომ, ორიგინალური გადაცემის შექმნაში მომეხმარებიან. ასევე გვყავს გადაცემის მამა, ბებია და ბაბუა. არ ვიცი, როგორ გადაინაწილებენ და რომელი მათგანი იქნება დედა - ირაკლი კაკაბაძე, ვანო ჭელიძე თუ დათო ლაბაძე.

- გათვლილი გაქვთ თუ არა, რომ გადაცემა იყოს სკანდალური? მაგალითად, გეყოლებათ თუ არა სექსულუარი უმცირესობების წარმომადგენლები სტუმრად?
- საპილოტე გადაცემაში მართლაც მოვიწვიე სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები, მაგრამ სკანდალური არანაირად არ გამოსულა. ყველამ ვიცით, რომ ისინი არსებობენ. არ ვაპირებ, ჩემს გადაცემაში ვინმეს განაჩენი გამოვუტანო. უბრალოდ, ვიტყვი იმას, რაც არის. თუკი გაიგებ, რომ რომელიმე პოლიტიკოსი არის ცისფერი, აუცილებლად პირველ ამბად მოუყვები მეგობარს. ამაზე ისედაც ვსაუბრობთ, ხდება ისეთი რაღაცები, რაც საზოგადოების ერთი სეგმენტისთვის მიუღებელია. თუ ეს ნიშნავს სკანდალურობას, დიახ, ჩემს გადაცემაში იქნება სკანდალი, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოში სკანდალი ყველაფერ ცუდთან ასოცირდება.

- ფოტოსესიაც გადაგიღია სპეციალურად გადაცემისთვის...
- კიკალას სტუდიაში გადავიღეთ ფოტოები. ერთ-ერთ ფოტოზე ფეხშიშველი ვარ, ეს უშუალობას წარმოქმნის.

- გადაცემაშიც გამოხვალ ფეხშიშველი?
- თუ ძალიან შემაწუხებს ფეხსაცმელი, რატომაც არა (იღიმება).

- შენი გადაცემა იქნება ახალი სიტყვა ქართულ სატელევიზიო სივრცეში?

- ასე ხმამაღლა ვერ ვიტყვი, მაგრამ სალაპარაკო ნამდვილად იქნება.

ნინო მურღულია
ჟურნალი "რეიტინგი"

რატომ ვერ სუქდება "შუა ქალაქის" სალომე 29.09.2009

Picture
სალომე ჭულუ­ხაძე სერიალ “შუა ქალაქის” ერთ-ერთი მონაწილე,  სანდროზე უგონოდ შეყვარებული ბარმენი გოგონა, სახელად სალომე გახლავთ. სერიალის მაყურებელს არ შეიძლება შეუმჩნეველი დარჩენოდა მისი ჩაცმის განსხვავებული სტ­ილი. ეს,  რასაკვირველია,  არც ჩვენ გამოგვპარვია და გადავწყვიტეთ,  სალომე ჩვენი რუბრიკის სტუმრად მოგვეწვია,  სადაც თავად გაგიმხელთ თავის მოვლისა და ორიგინალური ჩაცმულობის საიდუმლოს.

- თავის მოვლას დიდ დროს ვუთმობ, შინიდან გასასვლელად რომ მოვემზადო, 2-3 საათი მჭირდება, რაშიც შედის შხაპის მიღება, ჩაცმა და ყველა ის პროცედურა, რაც თავის მოვლისთვისაა საჭირო. ყველაზე დიდი დრო სამოსის შერჩევას მიაქვს.

- თავის მოვლაში მაკიაჟის გაკე­თ­ება არ შედის?
- არა, მაკიაჟს თითქმის არასდროს ვიკეთებ, შეიძლება იშვიათად მსუბუქად შევიღებო, გადაღებებზე კი მკვეთრი და მძიმე მაკიაჟი მაქვს.

- კოსმეტოლოგთან თუ დადიხარ?

- არა, არ დავდივარ და არც რამე ნიღბებს ვიკეთებ. მარტო დამატენიანებელ კრემს ვისვამ.

- თმას როგორ უვლი?

- ჩვეულებრივად, ვიბან კარგი შამპუნით და არ ვიყენებ განსაკუთრებულ საშუალებებს. ადრე ვიღებავდი, მაგრამ შევწყვიტე, ფერსაც აღარ ვიცვლი.

- სალონს თუ სტუმრობ ვარცხნილობისთვის?
- კი, როგორ არა. შესაჭრელად იშვიათად მივდივარ, ვარცხნილობის დასაყენებლად კი კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ ვსტუმრობ.

- როგორც მითხარი, მაკიაჟს არ იკეთებ, ვარცხნილობისთვისაც დრო არ გეხარჯება და აბა, სამი საათი მოსამზადებლად რად გინდა?
- თუ წინასწარ არ ვიცი, რა უნდა ჩავიცვა, იცი რამდენი ხანი მჭირდება ამისთვის (იღიმება)?! ეს დრო სამოსის შერჩევაში მიდის, თუმცა, თუ მეჩქარება, შემიძლია, 10 წუთშიც ჩავიცვა და შინიდან გავიდე.

- რადგან ამდენი დრო გჭირდება ჩაცმისთვის, გვითხარი, როგორ ახერხებ, რომ ყოველთვ­ის განსხვავებულად გა­­მოიყურები?
- ვერ ვიტყვი, რა სტილში მაცვია, ბავშვობიდან ასე ვიმოსები, ხშირად დედა და ბებია ყი­დულობენ ჩემთვის სამოსს და მათი დამსახურებაა, რომ პატარაობიდანვე განსხვავებულად ჩაცმას მიმაჩვიეს. ვიცვამ იმას, რაც მომწონს და რის ხასიათზეც ვარ.

- ანუ შენს ჩაცმულობას არც კლასიკური ჰქვია, არც სპორტული და არც შერეული?
- (იღიმება) არა. ხან კლასიკურად ვიმოსები, ხან სპორტულად, ხან კი თვითონაც არ ვიცი, რა მაცვია (იღიმება).

- სერიალისთვის სამოსს შენ არჩევ?
- კი, მე ვარჩევ, მაგრამ მიმაქვს და მხატვარს ვუთანხმებ. ბოლო დროს მეუბნება, უკვე აღარც მკითხო, ისე შეგიძლია მოიტანო სამოსიო.

- ფერების მხრივ თუ არის ეკრანი პრეტენზიული?
- არა, უბრალოდ, ხანდახან თეთრი კარგად არ ჩანს, ანათებს და სახეს ჩრდილავს, დანარჩენ ფერებთან არ მაქვს პრობლემა.

- სალომე, კაბას უფრო ხშირად იცვამ თუ შარვალს?

- შარვალს, რადგან მასში თავს თავისუფლად ვგრძნობ, ძალიან მიყვარს ჯინსი და ხშირადაც მაცვია. ზაფხულობით კი კაბებსაც ვიცვამ.

- რაც შეეხება ზედებს, როგორებს ანიჭებ უპირატესობას?
- მაქვს ყველანაირი სტილის ზედები, არ მაქვს გართულება იმაზე, რომ ან დახურულს, ან ამოღებულს ვერ ჩავიცვამ.

- შენს გარდერობში რა ფერის სამოსი ჭარბობს?

- ნამდვილად ვერ გეტყვით, რადგან ძალიან ჭრელი გარდერობი მაქვს, არც ერთი ფერი არ ჭარბობს.

- ქუდები და შარფები თუ გიყვარს?
- კი, ძალიან. მართალია, ყველანაირ ქუდს ვერ ვიხდენ, თუმცა რაც მაქვს, იმას კარგად ვხმარობ. შარფებიც მიყვარს და ბევრიც მაქვს.

- კერვა და ქსოვა თუ გეხერხება? შენი შეკერილი თუ გცმია რამე?
- დედამ მასწავლა კერვა და თექაზე მუშაობა, გავაკეთე ჩანთა, რომელიც მეჭირა და მომწონდა კიდეც. გარდა ამისა, ქამრებსაც ვაკეთებ.

- რის გარეშე ვერ გახვალ შინიდან?

- ტანსაცმლის, სარკეში ჩახედვისა და ჩანთის გარეშე, უჩანთობა დისკომფორტს მიქმნის.

- სამოსის ამო­ჩემება თუ იცი?
- არა, ყველაზე მეტად ის მეზიზღება, რომ ორი დღე ერთი და იგივე სამოსი მე­ცვას, ასეთ შემთხვევაში დიდ დისკომფორტს ვგ­რ­ძნობ, რაც ხასიათზეც აისახება.

- მოდი, შოპინგზეც ვისაუბროთ, გიყვარს ეს პროცესი?
- კი, ძალიან მიყვარს, მეტსაც გეტყვით, საყიდლებზე სიარული ჩემს განწყობაზე ძალიან კარგად მოქმედებს. დიდხანს სიარული მჩვევია, ამიტომ ჩემთან ერთად საშოპინგოდ წამოსვლა არავის არ უყვარს (იღიმება).

- სამოსს სეზონურად ყიდულობ თუ შეგიძლია, ზაფხულში პალტო იყიდო ან პირიქით, ზამთარში - მაისური?
- არა, სეზონურად არ ვყიდულობ, თუ მომეწონება, შეიძლება ზამთარში მაისური ვიყიდო. სხვათა შორის, მქონია შემთხვევა, როცა ზაფხულში ჯემპრი მიყიდია.

- რაში შეგიძლია და­უ­ნ­ა­ნებლად ფულის გადახდა?
- თავის მოვლაში, სალონში და ყველა იმ პროცედურაში, რაც ამ საქმესთანაა დაკავშირებული.

- რა არის ყველაზე ძვირი შენს გარდერობში?
- (ფიქრობს) ძალიან ძვირი არაფერში გადამიხდია, თუმცა ყველაზე ბევრი მაინც ალბათ ფეხსაცმელში მიმიცია, მაქვს 500-ლარიანი ჩექმა და მგონი, ეს მაქსიმუმია (იღიმება). ძირითადად, რაც მომწონს, ყველაფერს მისთვის შესაფერისი ფასი აქვს და არ მაქვს გართულება, რომ რამე ძვირად ღირებული მეცვას.

- რამდენად მნიშვნელ­ოვანია შენთვის, სახელობითი სამოსი გაცვია თუ არა?
- არანაირად არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია, სამოსი მომწონდეს და თუ არ იქნება ბრენდული, ამის გამო ნამდვილად არ დავიწუნებ.

- სალომე, როგორი ტიპის ფეხსაცმელი გიყვარს?
- ძირითადად სულ დაბალძირიან და ფერად ფეხსაცმელებს ვანიჭებ უპირატესობას, ქუსლიანი მხოლოდ რამდენჯერმე მეცვა. ისე კი, ყველაზე მეტად კედები მიყვარს.

- რას არ ჩაიცვამ არასდროს?
- ბრჭყვიალა სამოსს (იღიმება).

- შენს ჩაცმულობაში ვინ­მეს თუ შეაქვს კორექტივები?
- არა, შეიძლება დედამ ან ბებიამ მირჩიონ, ეს უფრო გიხდებაო, თორემ ისე არავინ ერევა.

- ვინაიდან გამხდარი ხარ, ჭარბი წონის პრობლემა ალბათ არც არასდროს გქონია...
- არა, ნამდვილად არასდროს მქონია. პირიქით, სულ გასუქება მინდა, მაგრამ ვერ ვსუქდები, გენებში მაქვს ასეთი სიგამხდრე, ბებიაჩემი იყო ზუსტად ასეთი და მეც მას დავემსგავსე.

- აქსესუარებთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?
- აქსესუარები ძალიან მიყვარს და იმდენი მაქვს, რომ გამოყენებასაც ვერ ვასწრებ (იღიმება). განსაკუთრებით მიყვარს საყურე, სამაჯურს ვერ ვხმარობ, რაც შეეხება საათს, თუ გავიკეთებ, აუცილებლად მაგარი უნდა იყოს. ბეჭდის ამოჩემება ვიცი და შეიძლება, ერთი და იგივე ორი თვე მეკეთოს. დედაჩემი მინანქარზე მუშაობს და ძირითადად მისი დამზადებული სამკაულები მაქვს.

- ჩანთებსა და სათვალეებზე რას იტყვი?
- მიყვარს სადა სათვალეები, უფრო შავს ვარჩევ ხოლმე. ჩანთები კი მომწონს ტყავის და დიდი ზომის, რადგან მასში უამრავი რამის ჩადებას ვახერხებ.

- რომ ჩავიხედოთ, რას ვნახავთ შენს ჩანთაში?
- ყველაფერს (იცინის), სცენარს, მძივებს, თუ რამე ნივთი მომეწონება, მასაც ჩანთით ვატარებ.

- სუვენირიც შეიძლება ატარო ჩანთით?
- არა, სუვენირი არა, მაგრამ, მაგალითად, “ბრელოკს” ვატარებ (იღიმება).

- დასასრულ, მიეცი ჩვენს მკითხველს რჩევა, როგორ გამოიყურებოდეს ლამაზად?
- იმისთვის, რომ კარგ­ად გამოიყურებოდე, მთავარია, შენ მოგწონდეს საკუთარი თავი და სამოსი. ამ საკითხში თავდაჯერებულობა ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე გასათვალისწინებელია ინდივიდუალურობა, რაც ერთმანეთისგან განასხვავებს ადამიანებს.

ციცი ომანიძე
ჟურნალი "რეიტინგი"

წყარო: Ambebi.ge
 
All fields are mandatory!

Select your rating:           

 

 

characters left

Powered by Citricle